„მომავალი = შენ“ – საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, IDFI-ისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები Edgeriders და Futuremakers.

ფესტივალამდე, 2 დღის განმავლობაში ცნობილი ქართველი მხატვრები – LAMB,  WPC, Dr. Love, Jokonda, მუსია ქებურია, TAmOonz, Slow Pulse, Gamez, Chilone და სხვები – ქმნიდნენ კრეატიულ კომპოზიციებს რუსთავის პარკის ზაფხულის თეატრის კედლებზე. მათი ნამუშევრები ეხმიანება მდგრადი განვითარების ისეთ მთავარ თემებს, როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.

მუსია ქებურია: „ჩემი ნახატი ეხმიანება მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება (მიზანი 5). „ქალი კუხნაში“ – ასე დავარქვი მე ამ ნახატს, რომელიც ჩემის აზრით ნათლად გამოხატავს დღეს საქართველოს უმეტეს ოჯახში არსებულ სიტუაციას. რას ვისურვებდი? ალბად ამის საპირისპიროს. მინდა უფრო მეტი ქალი იყოს მომავალში დასაქმებული და ეკონომიკურად აქტიური. მინდა უფრო მეტი ქალი ვნახო პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ჩვენს ქვეყანაში.“

LAMB: „ჩემი რჩეულია მე-16 მიზანი. ამის გამოსახატავად, დავხატე ორი პატარა ცხვარი, მომავალი თაობა, რომლებიც მომავალს იმედის თვალით შეჰყურებენ. ხელში მათ ჩიტუნა უჭირავთ, როგორც მშვიდობის სიმბოლო.“

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მასტერ-კლასებს სტრიტ არტსა და გრაფიტიში და მონაწილეობა მიეღოთ მოყვარულთათვის გამართულ გრაფიტის კონკურსში. სახალისო და საინტერესო ღონისძიებათაგან გამორჩეული იყო შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში, რომლებმაც მრავალი მნახველი და გულშემატკივარი შემოიკრიბა.

დღის ბოლოს, ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, წარადგინა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი – მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი – ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, და ირმა ხეცურიანი – მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში.

მდგრადი განვითარების მიზნები უკანასკნელი შანსია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ მდგრადი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ხალხთან და გაეროს პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღევანდელი ფესტივალით ყველას მოვუწოდებთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

ფესტივალის სტუმრებს მიმართეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი ნიაზ დიასამიძის, 33ა-ს, იოანე არაბულისა და სუხიშვილების სტუდიის მონაწილეობით.

საქართველოში ჩატარებული ფესტივალი დაემთხვა გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს – Future in Focus. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s