მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში

ოცდახუთი ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.

ფორუმი გახსნეს: ვიცე-პრემიერმა/საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილს სკოტმა, კორეის რესპუბლიკის გაეროს მისიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ჩონგი ჰანიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დირექტორმა კატერინა ფიალკოვამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელმა/აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და გაერთიანებული ერების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბონიან გოლმოჰამადიმ.

„საქართველოსათვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობა. წელს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა. ამ ხნის მანძილზე, საქართველო გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან სანიმუშო სახელმწიფოდ, რომელიც წელს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას იკისრებს. ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველომ ხელშესახებ წინსვლას მიაღწია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, ისევე როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ბაზრისა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებში. მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს მიღწევები, ჩვენი წარმატება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ და ერთმანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით მეტს მივაღწიოთ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნილს სკოტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. “გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიოს სახელმწიფოებს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ჩვენი ხელშეწყობის შედეგად იზრდება მთავრობის შესაძლებლობები, ეფექტურად ემსახუროს თავის ხალხს და სამოქალაქო ჩართულობა უზრუნველყოს,“ – თქვა მან.

სამდღიანი ფორუმის მსვლელობაში გაიმართა ექვსი პლენარული სესია, რომლებიც მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ძირითად საკითხებს – მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას დაეთმო. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საუკეთესო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევის საქმეში და მსოფლიოს ქვეყნების წარმატებებსა და გამოწვევებზე კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სერვისებში ინოვაციის დანერგვის, კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის შენარჩუნების საკითხებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეროვნული განვითარების საკითხებში. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის, გამოცდილება და იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობაზე ღია მმართველობის პრინციპებთან. ფორუმის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს თბილისის იუსტიციის სახლი და საქართველოს საბაჟო; ისინი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

თბილისში ჩატარებული ღონისძიება 16+ ფორუმის პირველი ასეთი ღონისძიებაა. ფორუმი 16+ის წევრები არიან დიდი შვიდეულის სახელმწიფოები და კიდევ 9 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ფორუმის სამდივნოს როლს ასრულებს გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია (WFUNA).

„16+ ფორუმის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს წვლილი, როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყნის და მსოფლიო ლიდერის მდგრადი განვითარების მ-16 მიზნის მიღწევის საქმეში,“ – განაცხადა ბონიან გოლმოჰამადიმ, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) გენერალურმა მდივანმა.

16+ ფორუმის მონაწილეების ოფიციალურ მიღებაზე ასევე მოხდა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოებაც (მიღება ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, IDFI-ის და UNDP-ის დახმარებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით). SDG კონკურსები გრაფიკულ ნამუშევრებსა და ესეებში ჩატარდა IDFI-ის, UNDP-ისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით:

ანასტასია კვაშილავა-პოსტერი-მიზანი 12: გონივრული მოხმარება და წარმოება

ლევან ქაშიბაძე – ფოტო – მიზანი 1: არა სიღარიბეს 

ედიშერ ბაღათურია – 1 ადგილი-ესე-მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება

– ანა ქათამაძე – 2 ადგილი – ესე – მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

თამარ ჩხაიძე – 3 ადგილი – ესე – მიზანი: გენდერული თანასწორობა

ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციასთან (WFUNA) თანამშრომლობით. ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტო, Tetra Tech ARD, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

„IDFI ამაყობს, რომ 16+ ფორუმის ერთი-ერთი ორგანიზატორია, რისთვისაც მადლობას ვუხდით „გაერთიანებული ერების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციას“ (WFUNA), საქართველოს მთავრობას, გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში (UNDP) და ყველა პარტნიორს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო მრავალმხრივი დისკუსია მშვიდობის, სამართლიანობისა და ეფექტური ინსტიტუტების საკითხზე. მიმაჩნია, რომ ეს ფორუმი დროული შესაძლებლობაა, ავსახოთ ის წარმატება, რაც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში გვქონდა, და გამოვკვეთოთ 2030 წლის დღის წესრიგის და მისი ტრანსფორმაციული ეფექტის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ვფიქრობ, SDG 16 და OGP კავშირშია ერთმანეთთან, რადგან ორივე ფოკუსირებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.“ – აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა 16+ფორუმის გახსნისას.

ფორუმი 16+ დაარსდა ნიუ იორკში, აშშ, 2016 წელს.

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ

შეხვედრა მედიასთან: მდგრადი განვითარების მიზნები – გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი

27 ოქტომბერს, Impact Hub/ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში შვედეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), IDFI-მ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გამართეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო, ჟურნალისტებისთვის მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის და 2030 წლამდე ამ მიზნების განხორციელებისთვის საქართველოს გეგმის გაცნობა.

შეხვედრა გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და UNDP-ის კოორდინატორმა ნილს სკოტმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა და UNDP-ის პრეს სამსახურის უფროსმა სოფო ჭიჭინაძემ, რომლებმაც ისაუბრეს გლობალური მიზნების და ქვეყნების მიერ ამ მიზნების მიღწევის მნიშვნელობაზე. მიზნები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სიღარიბის შემცირება, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუციების ჩამოყალიბება.

შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიზნების შესრულებისთვის ქვეყნის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია იყო. სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა ნინო სარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათი განხორციელების მექანიზმებსა და 2030 წლისთვის შესაძლო შედეგებზე.

დასასრულს, IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ და ანალიტიკოსმა მარიამ თუთბერიძემ საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესსა და მექანიზმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

შეხვედრა მედიასთან წინ უძღვის საერთაშორისო ფორუმს SDG 16+, რომელსაც საქართველო 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე უმასპინძლებს და რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი დაესწრება.

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას, რომელთა მიღწევაც ქვეყნებმა 15 წლის განმავლობაში განიზრახეს.

საქართველოში, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განისაზღვრა.

 

„მომავალი = შენ“ – საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, IDFI-ისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები Edgeriders და Futuremakers.

ფესტივალამდე, 2 დღის განმავლობაში ცნობილი ქართველი მხატვრები – LAMB,  WPC, Dr. Love, Jokonda, მუსია ქებურია, TAmOonz, Slow Pulse, Gamez, Chilone და სხვები – ქმნიდნენ კრეატიულ კომპოზიციებს რუსთავის პარკის ზაფხულის თეატრის კედლებზე. მათი ნამუშევრები ეხმიანება მდგრადი განვითარების ისეთ მთავარ თემებს, როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.

მუსია ქებურია: „ჩემი ნახატი ეხმიანება მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება (მიზანი 5). „ქალი კუხნაში“ – ასე დავარქვი მე ამ ნახატს, რომელიც ჩემის აზრით ნათლად გამოხატავს დღეს საქართველოს უმეტეს ოჯახში არსებულ სიტუაციას. რას ვისურვებდი? ალბად ამის საპირისპიროს. მინდა უფრო მეტი ქალი იყოს მომავალში დასაქმებული და ეკონომიკურად აქტიური. მინდა უფრო მეტი ქალი ვნახო პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ჩვენს ქვეყანაში.“

LAMB: „ჩემი რჩეულია მე-16 მიზანი. ამის გამოსახატავად, დავხატე ორი პატარა ცხვარი, მომავალი თაობა, რომლებიც მომავალს იმედის თვალით შეჰყურებენ. ხელში მათ ჩიტუნა უჭირავთ, როგორც მშვიდობის სიმბოლო.“

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მასტერ-კლასებს სტრიტ არტსა და გრაფიტიში და მონაწილეობა მიეღოთ მოყვარულთათვის გამართულ გრაფიტის კონკურსში. სახალისო და საინტერესო ღონისძიებათაგან გამორჩეული იყო შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში, რომლებმაც მრავალი მნახველი და გულშემატკივარი შემოიკრიბა.

დღის ბოლოს, ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, წარადგინა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი – მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი – ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, და ირმა ხეცურიანი – მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში.

მდგრადი განვითარების მიზნები უკანასკნელი შანსია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ მდგრადი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ხალხთან და გაეროს პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღევანდელი ფესტივალით ყველას მოვუწოდებთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

ფესტივალის სტუმრებს მიმართეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი ნიაზ დიასამიძის, 33ა-ს, იოანე არაბულისა და სუხიშვილების სტუდიის მონაწილეობით.

საქართველოში ჩატარებული ფესტივალი დაემთხვა გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს – Future in Focus. 

საჯარო ლექციები დასავლეთ საქართველოში თემაზე – მდგრადი განვითარების მიზნები

20-22 სექტემბერს, IDFI-მ ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში ჩაატარა საჯარო ლექციები თემაზე – გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნები“. ლექციებს დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მიღწევის პროცესში საზოგადოების ჩართვის წახალისება.

მდგრადი განვითარების მიზნები“ არის 2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყნის მიერ დადებული შეთანხმება, რომ 2030 წლისთვის გადაჭრიან მსოფლიოს წინაშე მდგარ უდიდეს პრობლემებს – აღმოფხვრიან სიღარიბეს, დაიცავენ პლანეტას და შექმნიან კეთილდღეობას ყველასთვის. შეთანხმება მოიცავს 17 ამბიციურ მიზანს და 169 კონკრეტულ ამოცანას, რომელთა მისაღწევადაც საჭიროა მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველომ უკვე განსაზღვრა პრიორიტეტული საკითხები და შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა.

საჯარო ლექციებს უძღვებოდა IDFI-ის ანალიტიკოსი მარიამ თუთბერიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები, მათი ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში, მიზნების შესრულების საკოორდინაციო და მონიტორინგის მექანიზმები. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მიზნების შესრულების პროცესში ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მონაწილეობის როლსა და შესაძლებლობებზე. დისკუსია ასევე შეეხო ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას საკოორდინაციო და მონიტორინგის პროცესში, რეგიონული ინტერესების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.

მომდევნო შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად სამეგრელოსა და რაჭაში. შეხვედრებს დაესწრებია სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორის წარმომადგენლებ და ჟურნალისტები.

საჯარო ლექციები ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პროექტისთვის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც ახორციელებენ IDFI და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.